Sunday, October 23, 2011

I & II



1.
მანქანა ტრასაზე მიჰქროდა. ფანჯრიდან გადმოყოფილი კეტების ზონრებს ქარი აფრიალებდა. კეტების პატრონს კეპი თვალებზე ჩამოეფხატა, ზურგით გვერდით მჯდომს ეყრდნობოდა და ხელებს სიმღერის რიტმზე აქნევდა. ჩამავალი შემოდგომის მზე მგზავრებს თვალს ჭრიდა, თბილ სხივებს მანქანის სალონში მიწის და შემჭკნარი ფოთლების სუნი შემოჰქონდა.
–გაიწიე რა, ძვლები მერჭობა, – ტიმმა დას ხელი ჰკრა და მოშორება სცადა, – წესიერად დაჯექი, თორემ აიპოდს წაგართმევ.
–წესიერად? კარგი, მაშინ ფეხებს შენ დაგაწყობ, – ფანჯრიდან კეტები გაქრა და უკანა სავარძელზე ბრძოლა გაჩაღდა.
–ინია, აღარ გაჩერდები?,– გულმოსულმა დედამ უკან მოიხედა,–გეყოფათ, ნორმალურად მოიქეცით.
–მე რა შუაში ვარ? – ინია სულს ძლივს ითქვამდა, – ამ კუნთების გროვას მე როგორ დავჩაგრავ? – გოგონამ გულუბრყვილო სახე მიიღო და ძმას მწარედ უჩქმიტა.
–უხ, დაგახრჩობ იცოდე, – გამწარებულმ ტიმმა და მკლავქვეშ მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა.
–გამიშვიი, გავიგუდეეე! – აფართხალდა ინია და ფეხი შემთხვევით დედის მხარს წაჰკრა.
–ინია, მეტისმეტია უკვე!– გაბრაზდა დედა
–კიდე მეე? სულ მე როგორ მეჩხუბებით! – გაცოფებული გოგო კარებთან მიიკუნტა და ძმას მუქარით მუშტი მოუღერა.
–კარგი, შევრიგდეთ, – ჩუმად შესთავზა ტიმმა. ინიამ ჩანთიდან სარკე ამოიღო, ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს პომადა წაესვას, მერე ტუჩები გამობზუკა და ტიმისკენ წაიწია:
–შევრიგდეთ, ტიმჩიკ, ჩემო უძლიერესო, ტიმჩიკ, ოღონდ უნდა მაკოცო, – ინიამ ზუსტად გამოაჯავრა ტიმის კლასელ ბრიტას, რომელსაც ტიმი ვერ იტანდა.
–დედა, ახლა ამას მოვკლავ, – მშვიდად თქვა ტიმმა.
–ოჰ, ღმერთო ჩემო, მაინცდამაინც ჩვენი შვილი რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი, – ამოიოხრა დედამ.
მთელი ამ ბრძოლის მანძილზე მამა ხმას არ იღებდა და ჩუმად მიჰყავდა მანქანა. ამ სიტყვების გაგონებაზე დედას ღიმილით გადახედა.
დაღლილმა და კმაყოფილმა ინიამ ყურსასმენები გაიკეთა და თვალი გზას გაუშტერა. ხეები და ბოძები გამწარებული გარბოდნენ, მთები და მდელოები კი დინჯად მისეირნობდნენ. კარგად იცნობდა ამ გზას. ყოველი წლის სექტემბერს სოსპესში ატარებდნენ. ახლაც იქედან ბრუნდებოდნენ. სოსპესი არაჩვეულებრივი სილამაზის ბუნებითა და სამკურნალო წყლებით ცნობილი პატარა სოფელი იყო. გარშემო ძველთაძველი ქვის გალავანი ჰქონდა შემოვლებული, მაგრამ ეს ოდესღაც მაღალი და მტკიცე კედელი საუკუნეების განმავლობაში თითქმის სულ დანგრეულიყო და დეკორატიული ფუნქციაღა ჰქონდა შერჩენილი.  სოფელში პატარა, თითქმის ერთნაირი ხის სახლები იდგა და არავის აზრადაც არ მოსდიოდა, ისინი გადაეკეთებინა ან მათ ნაცვლად ახალი აეშენებინა. ინიას რაც თავი ახსოვდა, სულ იქ ისვენებდენენ. ერთხელ რომ ნახავდი ამ სოფელს, სხვაგან წასვლა აღარც მოგინდებოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ლევისების ოჯახის თითქმის ყველა ნათესავი თუ მეგობარი აქ  ისვენებდა. „გული აქეთ მოგვიწევსო“ – იტყოდნენ ხოლმე ღიმილით და ინიასაც არ უკვირდა, რადგან თვითონაც ზუსტად ამას გრძნობდა.  მართალია, არც კლუბები და კინოთეატრები იყო,არც სავაჭრო ცენტრები  და ერთადერთი ტელევიზორი სოფლის ცენტრში მდებარე კაფეში ეკიდა, ინიას შეეძლო მთელი ცხოვრება სოსპესში გაეტარებინა. ის და ლიტა ხან სათევზაოდ ჩამომჯდარ ძმებს დააცხრებოდნენ და ყიჟინით მთელ თევზს დაუფრთხობდნენ, ხან გალავნის ნანგრევებზე ჩამოჯდებოდნენ და სკოლის ამბებზე ქაქანებდნენ. შუადღისას ჰამაკში კონწიალობდნენ საყვარელ წიგნებთან ერთად. მაგრამ ინიას ყველაზე მეტად ტყეში მარტო ხეტიალი უყვარდა. შეეძლო საათობით მჯდარიყო რომელიმე მუხის ქვეშ და თვალდახუჭულს ესმინა მდინარის ჩხრიალისთვის. მაგრამ ეს სახიფათო იყო – ტიმი თუ წაასწრებდა, მთელ სკოლას მოსდებდა და ყველა დასცინებდა.
სკოლის გახსენებაზე გოგონა გამოფხიზლდა. მდინარეც და საყვარელი ტყეც აორთქლდა და ინიამ ქალაქის ქუჩები იცნო. მანქანა პატარა თეთრ სახლთან გაჩერდა.
–როგორც იქნა, ჩამოვედით, – გახარებული ტიმი მანქანიდან გადახტა, – აბაზანაში პირველი შევდივარ ,– თვალები დაუბრიალა დას.
–ჯერ ბრიტა გენახა, დაგლოშნის და მერე დაიბანე, – ინია თავის ჩემოდანს მოათრევდა.
–შენნაირ ალქაჯს ვინ აკოცებს აბა, – დაგესლა ტიმმა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეაცივდა. მამა  მკაცრად უყურებდა.
–სიტყვები შეარჩიე, – ხმადაბლა უთხრა ბიჭს და შებრუნდა.
–ამას დაცვა რად უნდა, ჩვენნაირს ათს მოერევა – ჩაიბურტყუნა ტიმმა.
–ჰო, ეგ მართალია, – ჩაიღიმა მამამ და გარაჟში შევიდა.
სახლში თბილოდა. პატარა და მყუდრო საერთო ოთახს ტორშერის დაბალი შუქი ანათებდა. ფუმფულა დაბალ დივანზე ხავერდგადაკრული ბალიშები ეყარა. ორ სავარძელ შორის პატარა მაგიდა იდგა და ზედ ფერადსასმელებიანი ბოთლები ელაგა. ერთ–ერთი ბოთლი. რომელშიც მამას საყვარელი წითელი ღვინო ესხა, თითქმის ბოლომდე დაცლილი იყო. ფანჯრებზე დედას შეკერილი ღია ლიმონისფერი ფარდები ეკიდა. მარცხნივ, უზარმაზარი ყავის ხის გვერდით, სამზარეულოს კარი მოჩანდა. თბილი, დაწკრიალებული და ათასგვარი გემრიელი სასუსნავით სავსე სამზარეულო ოჯახის საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო. მარჯვნივ, პატარა დერეფნის ბოლოს, დედას და მამას საძინებელი იყო, მეორე სართულზე კი – ტიმისა და ინიასი.
ინიამ ჩემოდანი თავის ოთახში შეათრია და ლოგინზე გაუხდელად დაეგდო. ესეც ასე, სახლშია, არდადეგები დამთავრდა, სწავლა იწყება, ხვალ მეგობრებს ნახავს, საღამოს კი ლიტასთან წავა – ყოველ წელს, სწავლის დაწყების პირველ საღამოს,  ტრაგიკულ წვეულებას მართავდნენ – „დავტირით უდროოდ დამთავრებულ არდადეგებს“.
ტიმი ოთახში შემოსულიყო , ინიას ჩემოდანში იქექებოდა და თავის დაკარგულ დისკებს ეძებდა.
წვეულების გახსნებაზე ინიას ღიმილი მოერია, ლოგინზე შეხტა და მთელი ხმით დაიკივლა – იჰააააა!
– „გიჟია“ რომ ვთქვა, იმედია შეიძლება? – გასძახა ტიმმა მამას
–გიჟი, გარეკილი და... კალიაც, – მოულოდნელად დაასკვნა მამამ. ტიმმა და ინიამ ერთმანეთს გადახედეს.
წყლის გადავლების შემდეგ ინიას დაღლილობამ გაუარა. ფუმფულა ხალათში და ჩუსტებში შეფუთნული გოგონა ლოგინზე წამოწვა და წიგნი გადაშალა. სულ რამდენიმე ფურცელი დარჩენოდა და უნდოდა, დღესვე დაემთავრებინა. სტრიქონებს თვალი გააყოლა და ისევ სოსპესი წარმოუდგა თვალწინ. წამოსვლის დღის წინა საღამოს კოცონი დაანთეს და მთელი სოფელი შეიკრიბა. წვენებით და კოქტეილებით ერთმანეთის სადღეგრძელოებს სვამდნენ, ცეცხლში კარტოფილს და სიმინდს წვავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ამ საღამოს ყველა ერთი ოჯახივით გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადსხვა ქალქებში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს მხოლოდ აქ ნახულობდნენ. მხოლოდ ლიტას და პოლის ოჯახი იყო ინიას ქალაქიდან. ლიტას ძმა – დენი ტიმთან მეგობრობდა და თითქმის ისეთივე „მზრუნველი“ ძმა იყო ლიტასთვის, როგორც ტიმი ინიასთვის. მაგრამ იმ საღამოს ყველა მეგობრობდა, დენი გიტარაზე უკრავდა და ლიტა სევდიან, როგორც თვითონ ამბობდა, „ობმოკიდებულ“ რომანსებს მღეროდა. დენი კი ჩუმად ინიას უყურებდა. რამდენიმე დღის წინ ტიმის თვალწინ გადახვია ხელი ინიას და ტიმს თვალი გაუსწორა.  მართალია, მაშინ ტიმისგან მხოლოდ ხარხარი მიიღო, მაგრამ მას შემდეგ ტიმის და დენის ურთიერთობა თითქოს გაცივდა. ცდილობდნენ არ შეემჩნიათ, მაგრამ ერთმანეთს აშკარად  თვალს არიდებდნენ და თითქმის არ ლაპარაკობდნენ. ინია ლიტასტან და დენისტან ერთად იყო გაზრდილი, ძალიან უყვარდა დენი,მაგრამ მასში მხოლოდ  ბავშვობის მეგობარს ხედავდა. ბევრ გოგოს მოსწონდა დენი, მაგრამ ინიას დენის დანახვაზე ყოველთვის მუხლებგადატყავებული, თავგადახოტრილი და გამურული პატარა ბიჭი ახსენდებოდა.
  2
-აბა,  აბრძანდი დროზე, თორემ საყვარელი ძამიკო ცივ წყალს დაგასხამს, – ოთახში ტიმის დათაფლული ხმა გაისმა. ეს მაღვიძარას ახალი „ზარი“ გახლდათ. ინიამ თვალები შეახილა. მშვენიერი დილა იდგა. მზე ფარდებს შორის გამოძრომას ცდილობდა. მთელ ოთახს ღია ლიმონისფერი დასდებოდა. სალათისფერ კედლებზე ინიას პატარაობის სურათები და სხვადასხვა სერტიფიკატები ეკიდა. სარკის წინ პარფიუმერია და კოსმეტიკა ელაგა. იატაკზე ლოგინიდან გადავრდნილი ჟღალთმიანი პლუშის თოჯინა ეგდო . გოგონა გაიზმორა და თვალები დახუჭა.
–კიდევ წევხარ? ახლავე შემოვალ და გიმღერეეეებ! – წაიღიღინა მაღვიძარამ. ინიას გაეცინა და ბალიში თავზე დაიმხო.
–მორჩა, დიდი მაკრატლით მოვდივარ, ის მოკლე კაბა უნდა დაგიჭრა, ჩუმად რომ იყიდე და დედას უმალააავ! – აღრიალდა უცებ „ტიმი“–მაღვიძარა.
ინია გულგახეთქილი წამოვარდა და უჯრას ეცა. პირსახოცები გადაქექა და აიპოდიც იპოვა. ეკრანიდან ტიმის გაკრეჭილი და დაელმებული სახე უყურებდა. ინიას გაეცინა და მაღვიძარა გამორთო. კარადასთან მივიდა, ტანსაცმელი მოათვალიერა. კარადა ორად იყო გაყოფილი – მარცხნივ ის ტანსაცმელი ეკიდა, რომელსაც დედა ყიდულობდა – ძირითადად ვარდისფერ,  ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი. მარჯვნივ კი ისინი, რომელიც თავად მოსწონდა. ინიამ ჯინსები ამოიცვა, მუქი მწვანე ჟაკეტი მოიხურა და ფეხები კეტებში ჩაჰყო.
ჩანთამოკიდებული ინია სამზარეულოში ჩავიდა. დედას ბუტერბროდები გაემზადებინა და ქაღალდის პარკებში ალაგებდა. ტიმი უკვე ფორთოხლის წვენს სვამდა. ყოველ დილით მიირთმევდნენ ახლადგამოწურულ წვენს. ეს ერთ–ერთი მუხლი იყო დედას მრავალრიცხოვანი წესებიდან – ყოველ დილით ვიტამინების ნაკრები უნდა მიეღოთ. თუმცა  ყოველთვის საღამოს მორჩენილ, იაფფასიან ფორთოხლებს ყიდულობდა და ამიტომ წვენს ცოტა ობის გემო დაჰკრავდა. ინიამ თავისი ჭიქა მოიყუდა, გადაცდა და ხველა აუტყდა. ტიმმა დაუზარელად ჩასცხო მუშტი ზურგში და თავი კინაღამ მაგიდაზე დაარტყმევინა.
–არაფრის,– გულკეთილად გაუღიმა ძმამ და სამზარეულოდან გავარდა. ინიამ ჩანგალს დაავლო ხელი და უკან გამოუდგა, მაგრამ ამ დროს დერეფანში მამა გამოვიდა.
–ცოცხლად გადარჩენილს სკოლაში წავიყვან, – ხმამაღლა დაიძახა მან, – ოღონდ სწრაფად, მაგვიანდება. მანქანაში გელოდებით.
 ინიას ისე ეზარებოდა ავტობუსით მგზავრობა, შურისძიება გადაიფიქრა. თავისი ცივი იარაღი მაგიდაზე დადო და კარი გამოაღო.
 –იმედია, სკოლაში კარგად მოიქცევი, –მიაძახა დედამ.
 ეს უკვე მეტისმეტი იყო. გოგონა შემობრუნდა და დედას მიაჩერდა.
 –ყველა საგანში უმაღლესი ქულები მივიღე,– დაიწყო მან, – იმდენი სიგელი და დიპლომი მაქვს, მალე შპალერი არ დაგვჭირდება. ჭადრაკში აღებული ჯილდოები უჯრაში აღარ მეტევა. კალათბურთს ვთამაშობ და...
 –დინოზავრივით ცეკვავ და ცხენივით ხვიხვინებ, – შეაშველა ოთახიდან გამოსულმა ტიმმა. ინიამ ბოტასი წაიძრო და ძმას გაუქანა. ტიმმა სიმწრით დაიღმუვლა და ყური მოისრისა.
 –და მიზანშიც მშვენივრად ვისვრი, – კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ინიამ და დედას მიუბრუნდა, – უფრო „კარგად“ როგორ მოვიქცე?
 –ოჰ, კარგი, კარგი, – დედა სკამზე ჩამოჯდა, – აღარ მიდიხართ? მამა გელოდებათ.
 და–ძმა სახლიდან გავიდა. დედამ ფანჯრიდან თვალი გააყოლა. „ტიმ, დას მიხედე“ გაიფიქრა მან და მაცივარს მიუბრუნდა.
 სკოლის წინ უამრავი ბავშვი ირეოდა. ჯგუფებად დაყოფილები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. ზოგი პირდაპირ ბალახზე იჯდა. დამამთვრებელი კლასის მოსწავლეები დიდი ხის ქვეშ შეკრებილიყვნენ, მუსიკას უსმენდნენ და პოლს უყურებდნენ, რომელსაც ჰიპ–ჰოპის ახალი ილეთები დაემუღამებინა. დენიც იქვე იდგა. ტიმი დაინახა და ხმამაღლა დაუძახა. ტიმმა მხირულად აუწია ხელი და მისკენ გაემართა.
 –ისევ განუყრელი მეგობრები ჭირსა და ლხინში? – დააწია ინიამ.
 –შენნაირი ალქაჯ.... შენი გულისთვის მეგობარს ხომ არ დავკარგავ? – უდარდელად აიჩეჩა მხრები ტიმმა, – თან, არამგონია, ერთად დიდხანს გაძლოთ.
 –ტიმ, თექვსმეტი წელია ერთად ვართ, – დასერიოზულდა ინია, – და ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგად იცი, რომ ძმასავით ვუყურებ. თან კეთილი ძმასავით, რომელიც ყოველ წუთას არ მალილავებს, შენგან განსხვავებით.– გაიცინა ინიამ. ამ დროს სახეზე შარფი გადაეფარა, ცხვირში სასიამოვნო სუნამოს სუნი შეუძვრა და სახე ქერა კულულებში ჩაეფლო.
 –იიინ, როგორ მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ, – აჭიკიჭიკდა ლიტა, – მთელი სამი დღეა ვითმენ, წარმოგიდგენია, სამი დღეა! – და ლიტამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, – აბა, როგორია?
 ინიამ ლიტას გაბრწყინებული სახიდან მზერა ჯერ ქურთუკზე  გადაიტანა,  მერე ჩანთას დააკვირდა, ჯინსებიც შეათვალიერა და:
 –ეს რა არის, ლიტა, ჩამოგივიდა? – ინია ფეხსაცმელებს მიაშტერდა.
 –ვიცოდი, ვიცოდი რომ მიხვდებოდი. ძალიან მაგარია, არა? გუშინწინ ჩამოვიდა ამანათი. რომ გავხსენი და დავინახე, სიხარულისგან გული წამივიდა! – ლიტა თავის ფეხსაცმელებს დაჰყურებდა და ფეხებს ათამაშებდა, – ორი კვირის წინ გამოვიწერე და აჰა, უკვე მაცვია,–უცებ ლიტა ჩურჩულზე გადავიდა, – დენიმ ფასი არ იცის.
 –რაში აინტერესებს შენი ფეხსაცმლის ფასი? – ინია გზადაგზა ნაცნობებს ესალმებოდა.
 –გეგონოს. ყველაფერს მითვლის და მეც სულ მესამედ ფასებს ვეუბნები. ისე მივეჩვეიე, ნებისმიერ რიცხვს წამში გაგიყოფ სამზე – აკისკისდა ლიტა.
 –პოლთან როგორ გაქვს საქმე?– ინიამ დაკლაკნილ ბიჭს გახედა.
 –როგორც მანამდე – არანაირად! –გაბრაზდა ლიტა, – და საერთოდ, ეგ თემა დავხუროთ. წელს იმდენი სამეცადინო გვექნება, გოგო ვარ თუ ბიჭი, ისიც დამავიწყდება.
 სკოლისთვის ახალი, ყავისფერი კარი დაემაგრებინათ. გოგონები შენობაში შევიდნენ. აქ კიდევ უფრო მეტი ბავშვი და არეულობა იყო. ბავშვები გაზრდილიყვნენ და შეცვლილიყვნენ. ერთმანეთს ახალ ტანსაცმელს და ვარცხნილობებს უფასებდნენ, ზაფულის ამბებს ყვებოდნენ და გულიანად იცინოდნენ. გოგონებმა დერეფნის ბოლოს შეუხვიეს, ნივთები თთავიანთ კარადებში შეინახეს და კლასისკენ გაემართნენ. ოთახში რომ შევიდნენ, გაკვეთილი დაწყებული იყო. ლიტერატურის მასწავლებელი რაღაცას წერდა დაფაზე.  ოთახი ისეთივე იყო, როგორც არდადეგების დაწყების წინ. ღია ცისფერ კედლებზე ისევ ეკიდა სურათები, ოღონდ ვიღაცის მზრუნველ ხელს მცირეოდენი შესწორებები შეეტანა – პეიზაჟებზე გამოსახულ ხეებს ფოთლებს შორის ფეხსაცმელები გამოესხა, ქალთა პორტრეტებს ხშირი წვერ–ულვაში, ხოლო მამაკაცთა სახეებს – პომადით მოთხუპნული ტუჩები და აპრეხილი წამწამები ამშვენებდა. უხილავ მიწისძვრას მსოფლიო რუკა ამოეყირავებინა და ევრაზია სადღაც სამხრეთ–დასავლეთ ნახევარსფეროში, ანტარქტიდა კი უკიდურეს ჩრდილოეთში იწონებდა თავს. გოგონები ჩუმად შემოუსხდნენ თავიანთ მერხებს და რვეულები ამოიღეს.
 –ჩვენი ბიბლიოთეკაც მოვიდა,– წამოიძახა რინმა და ლიტას გაეკრიჭა.
 მასწავლებელი შემობრუნდა.
 –ჩემს აზრებს კითხულობ, რინ, – გაუღიმა ქალბატონმა მატილდამ,– სწორედ ახლა უნდა მეკითხა, ვინ რა წაიკითხეთ არდადეგებზე?
 რინი ქურთუკში ჩაიმალა.
 –ლიტა ალბა, წაიკითხეთ რამე ამ ზაფხულს? – მასწავლებელი ლიტას მიაჩერდა.
 –რა თქმა უნდა, – წამოხტა ლიტა, –სხვადასხვა სახის ლიტ...
 –ამან ჯობია ის თქვას, რა არ წაიკითხა, უფრო მალე მოვრჩებით, – შეაწყვეტინა რინმა.
 –რინ, ისე ღელავ, მგონი ძალიან გინდა გაგვანდო, რომელი წიგნით აღფრთოვანდი ამ არდადეგებზე – ვალში არ დარჩა ლიტა.
 რინს ჯანმრთელი ფერი დაედო.
 –რინი ძირითადად სათაურებს კითხულობს და შინაარსს თავისით ხვდება, – გაისმა დოდის მხიარული ხმა. კლასი ახარხარდა.
 ინია უკან მიბრუნდა და პირი გააღო, რომ დოდისთვის ეპასუხა, მაგრამ ხმა ვეღარ ამოიღო. დოდის ადგილას ვიღაც უცხო  ბიჭი იჯდა. სადღა იყო მუწუკებიანი სახე და ბრიკეტებიანი კბილები. სახეზე ბრინჯაოსფერი ნამზეური გადაჰკრავდა, ჩალისფერი ტყავის ქურთუკი ზუსტად მიდიოდა გახუნებულ თმის ფერზე, გაღიმებული პირიდან ქათქათა კბილები მოუჩანდა და გამომწვევად შეჰყურებდა პირდაღებულ ინიას. ვინ იცის, რამდენ ხანს იჯდებოდა ასე ყბაჩამოვარდნილი გაშეშებული ინია, უცებ ჭერიდან ბათქაში რომ არ ჩამოცვენილიყო. თეთრ ფქვილში ამოგანგლული დოდი თვალებით რინს ბურღავდა.
 –დაგახრჩობ, – კბილებში გამოსცრა დოდიმ.
 –მე რა შუაში ვარ, ახალი რემონტის ბრალია, – კმაყოფილმა რინმა ფეხები გაჭიმა და არხეინად გადააწვა სკამის საზურგეს. ბავშვები სიცილისგან სულს ვერ ითქვამდნენ. ინია და ლიტაც გულიანად ახითხითდნენ.
 –დოდი მონიტერ, შეგიძლიათ გაბრძანდეთ და თავი გაიფერთხოთ, – მიმართა მასწავლებელმა, – თუმცა მე  ასეთიც მომწონხართ.
 დოდი კლასიდან გავარდა. მასწავლებელი ლიტას მიუბრუნდა  და მანაც შეწყვეტილი მონოლოგი გააგრძელა. ინიამ ჩუმად ხელი დაუქნია ბინის. რინი და ბინი ტყუპები იყვნენ და ისე გავდნენ ერთმანეთს, ბინის გრძელი თმა რომ არა, იმასაც ვერ მიხვდებოდი, რომელი გოგო იყო და რომელი ბიჭი. მათი ოჯახი რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა აქ საცხოვრებლად და ბინი და ინია მაშინვე დამეგობრდნენ. ლიტა ცოტას ეჭვიანობდა კიდეც და ინიას სულ უწევდა იმის მტკიცება, რომ ლიტა მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
 ლიტერატურის გაკვეთილი მალე დამთავრდა.
 –იქეთ კვირისთვის დამიწერთ თხზულებას...
 –როგორ გავატარე არდადეგები, – დაამთავრა ბინიმ
 –მართალია, – გაიღიმა მასწავლებელმა, – ღირსეული შემცვლელი მეზრდება.
 –ოჰ, რა არის ეს, ყოველ წელს ერთი და იგივე, – აბუზღუნდა ლიტა.
 –მაგას რა ჯობია, – გაიკრიჭა რინი, – შარშანდელ თემას ამოვქექავ და – copy-paste.
 –შარშანდელს, თორემ შენი დაწერილი არ იყოს, – მიაძახა ლიტამ.
 –ჩემი დაწერილია, ოღონდ მეექვსე კლასში, – აღიარა რინმა.
 –მთავარია, დაწერილია, როდის და ვის მიერ რა მნიშვნელობა აქვს, – თმები აუჩეჩა ინიამ, – ბინი–რინ, მოდიხართ დღეს ლიტასთან?
 –აბა რა, „მშვიდობით, თავისუფლებავ“ უნდა ვიმღერო, – გულზე ხელი მიიდო რინმა.
 –მაშინ  მე სახლში დავრჩები, – ყურებზე ხელი აიფარა ბინიმ.
 –მეც, – აყვა ინია.
 –მეც, –არ ჩამორჩა ლიტა.
 –შენ როგორ დარჩები, შენთანაა წვეულება, – შეახსენა რინმა.
 –მითუმეტეს, უნდა დავრჩე, – გაუცინა ლიტამ და ოთახიდან გავიდა.
 ინია ეზოში გავიდა. თავს უცნაურად გრძნობდა. თითქოს შესცივდა კიდეც. მზით გამთბარ სკამზე ჩამოჯდა და სახე მზის სხივებს მიუშვირა. მზე საერთოდ არ ჭრიდა თვალებს და ვერასდროს ხვდებოდა, რატომ იჭმუხნებოდნენ სხვები  მზის დანახვაზე.
 –ნახე? ნახე, როგორია? – შეანჯღრია ლიტამ და გვერდით მიესვენა
 –კიდევ გაცვია რამე ახალი?
 –შენ რა, სულ დაბრმავდი? – თვალებში ჩახედა ლიტამ.
 –ესენი სოსპესშიც გეცვა, – ყურადღებით შეათვალიერა ინიამ.
 –დოდიზე გეუბნები, დოდიზე! – ლიტამ თითი თავში ჩაუკაკუნა და ისევ სკამს მიესვენა, – ნახე, რა ღიმილი ჰქონდა? – ოცნებაში წასული ხმით იკითხა ლიტამ.
 –აკი დავხუროთ ეგ თემაო, მეცადინეობაო, სად მცალიაო, – თვალები მოწკურა ინიამ.
 –კარგი, – ლიტა სერიოზული სახით წამოდგა, – დავხუროთ, ოღონდ მანამდე ყველაფერს ვეტყვი ტიმს შენზე და დენიზე, – დემონსტრაციულად შეტრიალდა ლიტა და შარფის ფრიალით წავიდა უფროსკლასელებისკენ.
 –მოიცა, გაგიჟდი? არაფერიც არ ხდება, რა უნდა უთხრა, – ინიამ ლიტას ჩანთაზე მოქაჩა, – ტიმმა ისედაც იცის.
 –თუ არაფერი არ ხდება, მაშინ რა იცის ტიმმა? – მიაჩერდა ლიტა.
 –ის იცის..რომ... არაფერი არ ხდება,–  როგორც იქნა, თავი მოაბა ინიამ.
 –კარგი, რა, ინი, გაგეხუმრე, რა მოგივიდა, – ლიტამ ყურადღებით შეხედა, – რაღაც შენი ფერი არ მომწონს.
 –მშვენიერი ფერი ადევს, ყველა შენსავით მასხარას მაკიაჟით ხომ არ ივლის, – ზუსტად ამ დროს ჩაიარა დენიმ და ინიას თვალი ჩაუკრა.
 –გაიგონა? – შეშფოთდა ინია.
 –რას გაიგონებდა, მთელი ღამე ყურსასმენები უკეთია და ბოლო ხმაზე უსმენს მუსიკას, ნახევრად ყრუა, – დაამშვიდა ლიტამ.
 ინიამ მთელი დღე ვერ მოიშორა უცნაური შეგრძნება. თითქოს აციებდა და თავიც ტკიოდა. ბოლოს ბიოლოგიის მასწავლებელმა სამკურნალო მცენარეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაავალა და საბოლოოდ წაუხდა ხასიათი. ლიტას  წვეულება გაახსენდა.“იქ ხომ მაინც გავერთობიო“ – დაიმშვიდა თავი და ავტობუსში აძვრა

0 comments:

Post a Comment

 

Copyright © 2008 Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez | Blog Templates created by Web Hosting Men