Wednesday, May 4, 2011

პოლ ჯენინგსი: ტუალეტის ქაღალდი ( Iდა II თავი)


მთელი კლასი რიჩარდს დასცინოდა.
ყველა იცინოდა, ტიმის გარდა. ტიმს ეტირებოდა. ბოლოსდაბოლოს, რიჩარდი ხომ მისი ძმა იყო.
თვით მისის ფიში მასწავლებელი, ენას იკვნეტდა, რომ არ გასცინებოდა. ფანჯრიდან ეზოში მობოდიალე რიჩარდს უყურებდა.
ტიმ,–თქვა მან.
ტიმმა ამოიოხრა. ყავარჯნები წამოკრიფა და კარისკენ წარახუნდა. როგორც კი ოთახიდან გამოვიდა, ხარხარის ახალი ტალღა მოასკდა კედელს. კვლავ რიჩარდს დასცინოდნენ. ტუალეტის ქაღალდი. რატომ გადაირია რიჩარდი ასე ტუალეტის ქაღალდზე? არ შეიძლებოდა, გაზეთები ყოფილიყო? ან ქაღალდის პარკები? რატომ მაინცადამაინც ტუალეტის ქაღალდი?
დღეს ბევრად უარესად იქცეოდა, ვიდრე მანამდე.
მანამდე რიჩარდი ტუალეტის ქაღალდით საფოსტო ყუთებს, ჯოხებს, ბაღის ნიჩბებს ფუთავდა. დღეს ზეიმი მოიწყოსაკუთარი თავი შეფუთა. თავიდან ფეხებამდე ტუალეტის ქაღალდში იყო შეხვეული. მვდრეთით აღმდგარ მუმიას ჰგავდა. შუა ეზოში ცეკვავდა და ქაღალდის ბოლოებს ქარი უფრიალებდა.
 ტიმმა ეზო გადაჭრა.
 –წამოდი, რა, – უთხრა წყნარად,  – შიგნით შევიდეთ.
მბგრრრ, გრრრრ, გრღღღღ,– დაიღმუვლა რიჩარდმა.
 „მგრღღღღიყო ერთადერთი სიტყვა, რასაც რიჩარდი ამბობდა, თუკი ამას სიტყვა ეთქმოდა. ნორმალურად ლაპარაკი არ შეეძლო.
ტიმი რომ მიუახლოვდა, რიჩარდ ძაღლივით ხტუნვა, ღრენასა და თავის აქეთიქეთ ქნევას მოჰყვა.
ოჰ, არაგაიფიქრა ტიმმა, როდესაც რიჩარდმა იქვე მდგარ ხეს შეხედა. უნდოდა ძმას დასწეოდა, მაგრამ ყავარჯნები და დაღლილი მკლავები ხელს უშლიდნენ. რიჩარდი თვალის დახამხამებაში  აძვრა ხეზე.
უეცრად ტიმმა საშინელი დაღლილობა იგრძნო. ყავარჯნები იღლიაში ღრმად ერჭობოდა. თავი უფეთქავდა. ტკივილი, რომელსაც მუდმივად გრძნობდა მკერდში, უძლიერდებოდა. ბოლოს  ბალახზე დაეშვა.
გთხოვ, რიჩარდ, ჩამოდი, – თქვა მან,– არ შემიძლია ხეებზე ძრომა.
 –მმგრუუღღ, ბგრრრრ, – დაიღრინა რიჩარდმა.
ტიმმა სკოლას გახედა. მასწავლებლებმა რიჩარდს გამოსაცდელი ვადა მისცესორი თვე. თუ არ დაიტოვებდნენ, ახალი სკოლა უნდა ეძებნათ. ტიმმა თავი ჩაქინდრა. არავის შეეძლო რიჩარდის ატანა, ტიმის გარდა. რაღაც უნდა მოიფიქროს, თორემ აფორიაქდებიან. სკოლაში დარჩენის ნებას არ მისცემენ.
 –კარგი რა, რიჩარდ, – დაუძახა მან,ჩამოდი, გთხოვ.
ზარი დაირეკა. ბავშვები ეზოში გამოცვივდნენ და ხის გარშემო უზარმაზარი რგოლი შეკრეს. იცინოდნენ და თითს რიჩარდისკენ იშვერდნენ. რიჩარდს ცალ ხელში ქაღალდის რულონი ეჭირა და აქნევდა.
არა, გთხოვ, – დაიჩურჩულა ტიმმა.
რიჩარდმა რულონის დაშლა დაიწყო. მალე მისი მკლავიდან გრძელი ლენტი ჩამოიშალა. დაუსრულებელ დროშასავით ფრიალებდა მზეზე. ბოლოს გაწყდა. ქარმა აიტაცა და ბავშვების თავზე გადაატარა. ყველანი ხტებოდნენ და ცდილობდნენ, დაეჭირათ, ყვიროდნენ და ხარხარებდნენ. ქაღალდი დაეხვა და სკოლისკენ გაფრინდა. ბოლოს მიწაზე დაეშვა და ჯგრომ დაიტაცა. რიჩარდი ხეზე ისე ქანაობდა, როგორც მაიმუნიმოჩვენება, ქაღალდებს იგლეჯდა და ბავშვებს ესროდა.
ტიმს კინაღამ გული გაუჩერდა, როდესაც კიბით მომავალი მასწავლებლები დაინახა. როგორმე რიჩარდი უნდა ჩამოეყვანა, თორემ შეეშინდებოდა და ჩამოვარდებოდა. ან თვითონ დაშავდებოდა, ან სხვას ატკენდა რამეს. და მაშინ სკოლიდან გაუშვებდნენ.
ტიმმა თვალები დახუჭა და თავში მოფუთფუთე სისხლისფერი ფერის ღრუბლების გაფანტვას შეეცადა.
თოვლზე იფიქრე, უთხრა საკუთარ თავს.
    
ტიმის გონება ულამაზესმა სურათმა მოიცვა. ფაფუკი, ჩუმი თოვლის ფანტელები რბილად ეცემოდნენ მიწაზე. წარმოსახვითი სახლები გადათეთრებულიყო. ყველაფერს ცივი სიმძიმე აწვა. თოვლის კაცი წყნარად იდგა, ხმისამოუღებლად. სიმშვიდე. არაფერი არღვევდა ზამთრის სიწყნარეს.
ტიმმა ახლა უკვე იცოდა, რა უნდა ექნა. თოვლს არასდროს უღალატია მისთვის.

    
                2

ტიმმა თვალები გაახილა. მასწავლებლები ისევ მოდიოდნენ კიბით. ბავშვები ისევ ხტუნავდნენ და იცინოდნენ. მოსწონდათ სეირის ყურება. უნდა ეჩქარა.ყავარჯნებით ხისკენ წაჩლახუნდა და თან ჯიბეში იქექებოდა. „ჩქარა, ჩქარა“ – ეუბნებოდა თავის თავს, აჰა, აგერაა“.
მან ჯიბიდან ამოაძვრინა ორი თაფლიანი პლასტიკატის პაკეტი, რომლებიც მამამ მოტელიდან მოიტანა. ერთი ცალი ზუსტად ერთი გახუხული პურის სამყოფი იყო. ტიმმა ორივე შეკვრა სასწრაფოდ შეტენა ხის ფუღუროში.
ჰეი, რა არის აქ?–დაიყვირა ხმამაღლა. თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ძალიან დაინტერესებული იყო ფუღუროთი. თვალი მოჰკრა, რომ რიჩარდი ზემოდან ჩამოჰყურებდა.
ოჰ, ნახე,– დაიძახა მან,– თაფლი!
ტიმმა თითი გაილოკა და პირის წკლაპუნს მოჰყვა.  რიჩარდი ზემოდან უყურებდა.
 –ნეტავ კიდევ ხომ არ არის?– ჩასძახა ტიმმა ფუღუროს.
რიჩარდი იმწავსვე ჩამოხტა მიწაზე და ხელი ფუღუროში შეჰყო. თაფლიანი პაკეტი გამოაძვრინა და გაუხსნელად ჩაიტენა პირში. ბედნიერი ღეჭავდა და სულ არ ადარდებდა, მთელი სკოლა რომ უყურებდა. ბოლოს გადმოაფურთხა.
 –ყოჩაღ, ტიმ, –უთხრა მასავლებელმა.
ძმები საკლასო ოთახისკენ გაემართნენ. ტიმი შეჩერდა, მკერდ ტკივილი უღრღნიდა. შემკრთალმა განაგრძო გზა. ნეტავ რამდენ ხანს აიტანდნენ მასწავლებლები რიჩარდის გამოხტომებს. ის საერთოდ არ სწავლობდა და ყველას აღიზიანებდა.
 იმ ღამეს სავარძელში გაშოტილი რიჩარდი ტუალეტის ქაღალდებით ერთობოდა. ახვევდა და ახვევდა. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რომ ოთახში ტიმი, დედა და მამა იყვნენ.
მამამ ორი თაფლიანი პაკეტი გადაუგდო.
 –აჰა, ერთი ტიმს მიეცი.
 რიჩარდმა პაკეტები ხელში ამოატრიალა. წამიერად შეხედა ტიმს და ორივე პირისაკენ გააქანა.
ძმას არ გაუნაწილებ?–ჰკითხა დედამ
უკვე გვიანაა, კბილებში გამოსცრა ტიმმა და მეგობრულად წაუთაქა რიჩარდს.
 –ერთ დღესაც, უთხრა ტიმმა, მე და შენ წავალთ თოვლში,–ტიმმა თვალები დახუჭა და იმის მოყოლა დაიწყო, რასაც ხედავდა. რიჩარდი ისევ ტუალეტის ქაღალდებს ათამაშებდა და დაჟინებული ჩასცქეროდა მათ.
 –ის თოვლი,–განაგრძო ტიმმა,– ისეთივე ქორფაა, როგორც ვაშლის ხეზე მოქანავე ვაშლი. ისეთივე ცივია, როგორც ღრმა, ღრმა ტბიდან მონაბერი ნიავი. ახლა ამ თოვლს ისე ცხადად ვხედავ, თითქოს აქ იყოს. ჩვენც თოვლში ვართ, რიჩარდ. ციგებით ვსრიალებთ. და თოვლის კაციც აქაა. და იცი რა? იცი, ის თოვლის კაცი რას აკეთებს? იცი, რას აკეთებს? გგონია, უბრალოდ დგას? გგონია, უბრალოდ წყნარად დგას ლურჯი ცის ქვეშ?არა, ის თოვლის კაცი ცეკვავს, რიჩარდ. შენ უნდა ნახო ის. ის ხტუნავს და ხელებს აქნევს. თოვლს იღებს და ჰაერში აფრქვევს. ოჰ, ეს თოვლის კაცი. რა მხიარულია. სულ არ ანაღვლებს, მზე რომ დაადნობს. საერთოდ არ  ფიქრობს მომავალზე. ის თოვლის მეფეა. მისთვისხვალარ არსებობს. შეხედე, როგორ ცეკვავს, შეხედე, –ტიმმა დახუჭული თვალებით გაიღიმა.
 –ჩვენ მას ვნახავთ, რიჩარდ. ვნახავთ. მე და შენ. ერთ დღესაც ჩვენ ვნახავთ თოვლს. ერთ დღესაც ჩვენ წავალთ მთებში. და ვნახავთ მოცეკვავე თოვლის კაცს. ტიმმა თვალები გაახილა და თოვლიანი პეიზაჟიც გაქრა.
 – მე ვწვები,–თქვა მან, – რაღაც თავს ვერ ვგრძობ კარგად.
ყავარჯნები აიღო და რწევარწევით გავიდა ოთახიდან.  რიჩარდი ტუალეტი ქაღალდს ახვევდა. ახვევდა და ახვევდა დაუსრულებლად.
ააამგღღღ, ბრგრრრ,– ამოიღმუვლა მან. ბიჭის დედმამამ თვალცრემლიანებმა გადახედეს ერთმანეთს.
 –ტიმი ვერასოდეს ნახავს თოვლს,–თქვა დედამ,– აქ, ავსტრალიაში, დეკემბერში, ვერ ნახავს.
იქნებ ნახოს,– თქვა მამამ, – ზოგჯერ, ივნისში, მთებში თოვს ხოლმე.
ივნისში ძალიან დაგვიანებული იქნება,–უპასუხა დედამ.
შარშან უნდა წამეყვანა,–თქვა მამამ.
თავს ნუ იდანაშაულებ, ექიმი მაინც არ დაგვრთავდა ნებას, ხომ გახსოვს.
 –მბგრრრ, რგღღღჰჰჰ,– გააფთრებით ამოიღრინა რიჩარდმა. ხმა ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ძლიერი ჰქონდა. მან ქაღალდის რულონი ჩაიხუტა და ჩვილი ბავშვივით დაარწია. დედამ რიჩარდს შეავლო თვალი.
როგორ ფიქრობ, იცის?
მამა მოიღუშა. გარედან სატვირთო მანქანის გაჩერებისა და საყვირის  ხმა მოისმა.
 –არაფერიც არ იცის, ტუალეტის ქაღალდების გარდა. აჰა, ისევ.
რიჩარდს სახე გაუნათდა და კარისკენ გაექანა:
გრრღღ, მგრღღღ!
 ეზოს ჭიშკართან ხტუნვას და გიჟივით ხელების ქნევას მოჰყვა. სატვირთო მანქანას დიდი ტუალეტის ქაღალდი ეხატა. ქვემოთ სარეკლამო წარწერა ჰქონდა: „გარიჟრაჟივით ნაზი“. მძღოლმა მინა ჩამოსწია და რაღაც ისროლა ჰაერში.
    
ნასროლი საგანი ბზრიალბზრიალით წამოვიდა და ხტუნვახტუნვით დაეცა ეზოში. რიჩარდმა მიირბინა. მიწაზე შეფუთული ტუალეტის ქაღალდი ეგდო. რიჩარდმა ჟინიანად ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.
 –მგრრღღღ, მბრგღღღ!– ღმუოდა ბედნერი.
ქუჩის კუთხეში კვლავ გამოჩნდა სატვირთო მანქანა. მძღოლმა ტუალეტის ქაღალდის შეკვრები გადმოყარა და საყვირს დააჭირა. სიცილით უყურებდა, როგორ კრეფდა რიჩარდი მოხტუნავე რულონებს.
მესამე და მეოთხე მანქანამაც იგივე გააკეთა. მძღოლები ძალიან ხალისობდნენ ამ ყოველდღიურ რიტუალზე. გამვლელები ჩერდებოდნენ და უცნაურ სურათს უცქერდნენ.
რიჩარდი სახლში შევარდა. თავისი საყვარელ ადგილას მიიჩქაროდა – სახურავის ქვეშ მოწყობილ ფართო, თბილი სხვენში. რიჩარდი  კიბეზე აძვრა და ჭერის ხვრელში გაუჩინარდა.

2 comments:

Keti on May 17, 2011 at 11:50 AM said...

მომეწონა, კარგია!
ვიცი, როგორი შრომატევადია თარგმნა და მიხარია, რომ თარგმნი. წარმატებები! :)

Anonymous said...

კარგი ნათარგმნია, საინტერესოდ იკითხება!

Post a Comment

 

Copyright © 2008 Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez | Blog Templates created by Web Hosting Men