Monday, October 24, 2011

შესავალი


  უზარმაზარ დარბაზს ქვის სვეტებში ჩამაგრებული ჩირაღდნები ანათებდა. კედლებზე გაურკვეველი მოხაზულობის შავი ჩრდილები ცახცახებდნენ.  მძიმე მუხის კარი ანჯამებით ჩაერაზათ და კარისკაცებიც დაეთხოვათ. კედლებზე სიბნელეში ნახევრად ჩაძირული უშველებელი პორტრეტები ეკიდა. დარბაზის შუაში მდგარ გრძელ მუხის მაგიდაზე ვერცხლის ლანგრები და თასები ელაგა. მაგიდის ერთ ბოლოში მაღალზურგიან ორნამენტებიან სკამზე ძვირფას ფარჩის კაბაში გამოკვალთული ქალი ჩაბრძანებულიყო. წითელი ხავერდის მოსასხამი მარგალიტიანი გულქანდით შეეკრა.  ძვირფასთვლიანი ბეჭდებით შემკულ ხელში ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა და თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა მაგიდის მეორე ბოლოში მჯდარ ახოვან მამაკაცს. სიჩუმეს არღვევდა ახალგაზრდა ყმაწვილის ფეხის ხმა, რომელიც უროს დარტყმებივით ისმოდა ქვის იატაკზე. ანერვიულებული, ცოტათი შეშინებული და ამავე დროს რაღაცით აღტაცებული ყმაწვილი აჩქარებით მიმოდიოდა მაგიდის ერთი ბოლოდან მეორისკენ.
          –ასეთია ზავის პირობები ატერებსა და ალბენებს შორის– თქვა კაცმა, – და არავის შეუძლია მისი დარღვევა. უკვე მრავალი საუკუნეა ჩვენ  ერთნაეთის გვერდით ვცხოვრობთ და კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში ატერები და ალბენები იცხოვრებენ გადამწყვეტ დღემდე.
          –საერთოდ რა საჭირო იყო ზავი? – იკითხა ბიჭმა.
          –წინააღმდეგ შემთხვევაში, დედამიწა მუდმივი ომისა და ბრძოლის ადგილი იქნებოდა. ორივე მხარეს იქნებოდა დიდი დანაკარგი – როგორც ატერებში, ისე ალბენებში. გარდა ამისა, დაიღუპებოდა უამრავი ჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენ, ატერებს, ეს დიდად არ გვანაღვლებს, მაგრამ ალბენები უდანაშაულო მსხვერპლს ვერ ურიგდებიან. მათ მოითხოვეს, რომ ადამიანთა მშვიდი ცხოვრების შენარჩუნებისათვის, გადამწყვეტ დღემდე გვეცხოვრა მხოლოდ ზავის პირობებით.
          –მაგრამ, თუ ატერები უფრო ძლიერები არიან...ვართ, – ბიჭი აშკარად აღგზნებული იყო, – რატომ ვერ დავამარცხეთ ალბენები აქამდე და ვერ დავიმორჩილეთ ერთხელ და სამუდამოდ?
          –იმიტომ, რომ მათ აქვთ გარკვეული პრივილეგიები და უნარები – გაწელილი, მბრძანებლური ტონით თქვა ქალმა, – რომელთა გამოც შეუძლებელია მათი სრული დამარცხება.  ამ დაუსრულებელ ომში საბოლოო გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ მხოლოდ გადამწყვეტ დღეს, როდესაც ერთმანეთს შეებრძოლებიან მთავარი ატერი და მთავარი ალბენი.
     –მთავარი ატერი? – ცნობისმოყავრედ იკითხა ბიჭმა.
          –დიახ, ფურვუსი იქნება უძლიერესი ატერებს შორის, ისევე როგორც ლუსიდა – ყველაზე ძლიერი ალბენებს შორის.
          –შეიძლება...შეიძლება რომ მე ვიყო ფურვუსი? – მოთმინება დაელია ბიჭს.
          –დღეს შენ გახდი ჩვიდმეტი წლის და გადმოგეცა ატერის ძალა და უნარები. ატერები და ალბენები იბადებიან ჩვეულებრივ ადამიანებად ნებისმიერი თვის ნებისმიერ რიცხვში, გარდა ორი დღისა. 21 მარტს არ იბადება არც ერთი ალბენი, რადგან  ამ დღეს უნდა გაჩნდეს ერთადერთი მთავარი ალბენი –ლუსიდა . 22 სექტემბერს არ იბადება არც ერთი ატერი, რადგან ამ დღეს ქვეყანას მოევლინება უძლიერესი ატერი –ფურვუსი.
          ბიჭმა თავი ჩაღუნა.
          –როდისღა გაჩნდება ეგ მთავარი?
–არავინ იცის, – მოსასხამის შრიალით წამოდგა კაცი და ფანჯარასთან მივიდა, – მაგრამ ყველა ატერის ვალია, ღირსეულად მივიდეთ იმ დღემდე. ჩვენი ცოდნა და ძალაუფლება უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს, ისევე, როგორც ჩვენ გადმოგვცეს წინაპრებმა.
–ჩემი ძალის გამოყენება შემიძლია? – მიჭის თვალებში იმედი გამოკრთა.
–რა თქმა უნდა, – მამაკაცმა მოსასხამიდან ტყავის ქისა გამოიღო და იქედან პატარა შუშის ბოთლი ამოაძვრინა. მაგიდაზე მდგარი ერთ–ერთი ვერცხლის თასი აიღო, ბოთლიდან ორი წვეთი წითელი სითხე ჩააწვეთა და შვილს გაუწოდა. ბიჭმა თასი ბოლომდე გამოსცალა და სახეზე ოდნავ უსიამოვნო ჩრდილმა გადაურბინა – სითხეს გულისამრევი მომწარო გემო დაჰკრავდა. კაცი ბიჭს მიუახლოვდა  და ხელები მხრებში ჩაავლო, – შენ წინ გელოდება ბრძოლები, გამარჯვებები და დაპყრობილი ქვეყნები. შენ ჩემი მემკვიდრე ხარ და ძლიერი მმართველი და ატერი იქნები.
ბიჭი თვალებში უყურებდა. სახეზე ამაყი ღიმილი გადაეფინა.
–დიახ, მამა, მე ღირსეულად გავაგრძელებ წინაპართა საქმეს, – ყმაწვილის თავლებში ჩირაღდნის ცეცხლი აკიაფდა.

0 comments:

Post a Comment

 

Copyright © 2008 Designed by SimplyWP | Made free by Scrapbooking Software | Bloggerized by Ipiet Notez | Blog Templates created by Web Hosting Men